„მრჩეველი“ ავტომატიზებული სისხლის აღების მოწყობილობის კლინიკურ კვლევაში მონაწილეობს
11 მარტი, 2026
სამედიცინო ლაბორატორია „მრჩეველი“ PreciHealth-ის ინოვაციური, ავტომატიზებული სისხლის აღების მოწყობილობის - EZDraw-ის კლინიკურ კვლევაში მონაწილეობს.
ახალი ტექნოლოგია, ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით, პაციენტისთვის ნაკლებად შემაწუხებელია. სისხლის აღების ინოვაციური სისტემა ერთი პროცედურით რამდენიმე სინჯის აღების შესაძლებლობას იძლევა და სრულად თავსებადია სტანდარტულ ლაბორატორიულ სისტემებთან. EZDraw-ის მოწყობილობა მკლავზე მაგრდება და ვაკუუმური სისტემის მეშვეობით იღებს სისხლს.დამოუკიდებლად აკონტროლებს სისხლის ნაკადს, რაც ნიმუშის მაღალ ხარისხსა და დიაგნოსტიკის სიზუსტეს უზრუნველყოფს.
პროცედურის სიმარტივე და ნაკლები დისკომფორტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რთული ვენური წვდომის მქონე პაციენტებისთვის და მათთვის, ვისაც ანალიზების ხშირი ჩაბარება უწევს - პროცედურა ნაკლებად მტკივნეულია, ამცირებს შიშს და ამარტივებს პროცესს.
EZDraw-ი სისხლის აღების შესაძლებლობას იძლევა სხვადასხვა გარემოში, მათ შორის სახლში, სამედიცინო პერსონალის უშუალო ჩარევის გარეშე, რაც მნიშვნელოვნად ცვლის ქრონიკული დაავადებების მართვისა და დისტანციური მონიტორინგის პრაქტიკას.
კვლევის ფარგლებში, „მრჩეველში“ EZDraw-ის გამოყენებით სისხლის ნიმუში 60 პაციენტს აუღეს. ეს კვლევის მეორე ეტაპია, პირველი ეტაპი სექტემბერში ჩატარდა. PreciHealth-ი შვეიცარიული წარმოშობის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც სისხლის აღების უსაფრთხო, ხელმისაწვდომ და პაციენტზე ორიენტირებულ ინოვაციურ მეთოდებს ავითარებს.
სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში.
დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხ. ბმულზე: https://www.precihealth.com/